შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის - ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებს და მეგობრებს პირადად მიუსამძიმრეს.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ხსოვნას პატივი მიაგეს იუსტიციის მინისტრმა - რატი ბრეგაძემ, თავდაცვის მინისტრმა - ჯუანშერ ბურჭულაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ.
20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული პოლიციელის, უფროსი დეტექტივის - ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდები თბილისში, წმინდა ვახტანგ გორგასლის ტაძარში მიმდინარეობს. დილიდან, გარდაცვლილი კოლეგის სამოქალაქო პანაშვიდზე მიდიან პოლიციელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების თანამშრომლები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროს დეტექტივს, პოლიციის უფროს ლეიტენანტს - ოთარ ღვინაშვილს ხვალ, 24 იანვარს მშობლიურ სოფელში - პატარა ჩაილურში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.